საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 0322 11 55 22

რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულების შესახებ?

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო ხდება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა.


*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ზონების/გზის მონაკვეთების ჩამონათვალში მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონი არ მოიაზრება: კანონი ვრცელდება როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (თბილისი-სენაკი-ლესელიძე; ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური და სხვ.)



განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა, განისაზღვროს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების, ზამთრის საბურავებთან ერთად, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.



ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა: ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ხუთი ქულით შემცირება. სატრანსპორტო საშუალება - M და N კატეგორიების სატრანსპორტო საშუალება (მგზავრების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები).



ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები:



- საბურავების დამზადების თარიღიდან არ არის გასული 10 წელი;
- საბურავზე შესაძლებელია მისი დამზადების თარიღის წაკითხვა;
- საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმეა: o არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
- არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
- საბურავზე დატანილია სიმბოლო − ფიფქი.




M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო − ფიფქი. ამ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი - მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.



თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აუკრძალოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა ან დროებით ჩამოართვას მძღოლს სატრანსპორტო საშუალება და გადაიყვანოს იგი სპეციალურ დაცულ სადგომზე.



სამართალდაღვევა და ჯარიმა - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ხუთი ქულით შემცირება.


ზამთრის პერიოდი - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდი.



*გამონაკლისის სახით: განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მათ შორის, ინტენსიური თოვის, მოყინული გზის საფარისა და ამინდის სხვა იმგვარი გაუარესებისას, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავის გარეშე გადაადგილება საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება, დამატებით განისაზღვროს 1 დეკემბერი-1 მარტისგან განსხვავებული პერიოდი. გამონაკლისის სახით დადგენილ განსხვავებულ პერიოდზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა დანაყოფმა შეიძლება, დააწესოს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების შესახებ.



ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი - იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით.



*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩამონათვალში გვხვდება როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები



„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის მე-16 ნაწილი.